16.02.2024. 37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი 

16.02.2024. მარხვა 

მიგებების შემდგომი დღესასწაული.

მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანა წინასწარმეტყველისა (I); წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრ. შ.-მდე); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონელ მთავარეპისკოპოსისა (1912). 

დღის ლოცვა

მართლისა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის და ანა წინასწამეტყველისა 

ტროპარი: სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომელმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩუენ, მგალობელთა მისთა, მოგვმადლოს ცოდვათა მოტევებაი.
კონდაკი: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხორებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 პეტ. 1: 1 – 2, 10-12; 2: 6-10 (დას. 58). მკ. 12: 1-12 (დას. 53).
მართ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321, შუა). ლკ. 2: 25-38 (დას. 8). 

ლიტ.: 1 პეტ. 1: 1 – 2: 10-12; 2: 6-10 

1. პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს, 2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ! 

10. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი. 11. საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ. 12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს. 

2: 6-10 

6. რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“. 7. ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“ 8. მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული. 9. ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. 10. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.

ლიტ.: მკ. 12: 1-12 

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. 3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. 5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. 6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. 8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. 9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. 10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. 12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

მართ.: ებრ. 9: 11-14 

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. 12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. 13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, 14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

მართ.: ლკ. 2: 25-38 

25. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე. 26. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. 27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით, 28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: 29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. 30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, 31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, 32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად. 33. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით. 34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად. 35. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი. 36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; 37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. 38. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი აზარია (Xს. ქრისტეს შობამდე)

 წინასწარმეტყველი აზარია (Xს. ქრისტეს შობამდე)

 

ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით, „კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშისცემასა ისრაელისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა” (ლკ. 2,25). მისდა უწყებულ იყო სულისგან წმიდისა, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას – განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა.
ძველი ისტორიკოსები გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა (285-247 ქრისტეს შობამდე) ისურვა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმიდა წერილის წიგნებით შეევსო. ამ მიზნით, მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან. წმიდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონიც. იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა. როცა მივიდა ადგილამდე: „აჰა ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ” (7,14), მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა, „ქალწულის” ნაცვლად „დედაკაცი” ჩაეწერა, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა, ხელი დაუჭირა და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვების და თავად დარწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს”. ამ დღიდან მოყოლებული, სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა.
და აი, ერთხელ, სულიწმიდამ აუწყა: „აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!” და ისიც „ესე მართალი უკუანაჲსკნელი. პირველიცა და უკუანაჲსკნელიცა; დასასრული შჯულისაჲ და დასაბამი მადლისაჲ; ნათესავით ჰურიაჲ, არამედ მადლითა ქრისტიანე; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა, მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშოვრებულ” – ტაძრისაკენ გაეშურა. მრავალ დედას შორის წმიდა მოხუცმა გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეჰღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაÅლისა (ლკ. 2,29-32). შემდეგ აკურთხა მართალი იოსები და ღვთისმშობელს წინასწარმეტყველურად მიმართა: „აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაÅლსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებლად; და თვით შენსაცა სულისა განვიდეს მახვილი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლკ.2,34-35).
წმიდა და მართალმა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა. VI საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. 
 
წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო „ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელს სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხი წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე-ღამე” (ლკ .2,36-37). უფლის ნებით, „ესე მასვე ჟამსა მოიწია”, ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას. 
 

მოწამენი: კლავდიანე, პაპი და დიოდორე (+250) 

 

წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა გვარის ჩამომავალი, პოლიცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. მეუფის კათედრა თავდაპირველად პოლიცკში იმყოფებოდა, მაგრამ ლიტველი მთავრის მტრულმა გამოხდომებმა და შფოთმა, 1263 წელს კი – პოლიცკის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ წმიდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერში გადაეტანა (ტვერელი მთავარი იაროსლავ იაროსლავის ძე ამ დროს დიდი მთავარი გახდა და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირჩია).
ნეტარი სვიმეონი, შემწყნარებელი და მოწყალე ხასიათის მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისტორიამ შემოგვინახა წმიდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და სადილობის დროს მღვდელმთავრისთვის უკითხავს: „სად მოხვდებიან მსაჯულები იმქვეყნად?” სვიმეონს უპასუხნია: „მსაჯული თავისი მთავრის გვერდით მოხვდება”. კონსტანტინე არ მოსწონებია პასუხი: „მსაჯული არასწორად სჯის, ქრთამს იღებს, ხალხს ტანჯავს, მე კი რას ვაკეთებ ცუდს?” „თუ მთავარი კეთილი და ღვთისმოშიშია, სიმართლეც ეყვარება და მსაჯულად თავისსავე მსგავს, კეთილ და ღვთისმოშიშ, ბრძენ და სიმართლისმოყვარე ადამიანს დანიშნავს. მაშინ მთავარიც სამოთხეში მოხვდება და მსაჯულიც. თუ მთავარს ღვთის შიში არა აქვს, ქრისტიანები არ ებრალება და ობლებსა და ქვრივებზეც არ ფიქრობს, მოსამართლედ ბოროტ და განუსჯელ ადამიანს აირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს. ასეთი მთავარიც ჯოჯოხეთში მოხვდება და მსაჯულიც“, _ განუმარტავს ღირს მამას.
წმიდა სვიმეონი გარდაიცვალა 1289 წლის 3 თებერვალს.