გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
17.02.2024. ხსნილი
მიგებების შემდგომი დღესასწაული.
ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა, ღირსისა შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (436-440); მოწამისა იადორისა (III); მღვდელმოწამისა აბრაამ არვილელ ეპისკოპოსისა (344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელ იღუმენისა (868).
დღის ლოცვა
ღირსისა ისიდორე პელუსიელის კონდაკი:
მეორედ მთიებად გპოვა შენ ეკლესიამან, ყოვლადდიდებულო, და სიტყუათა შენთა ელვითა განათლებული ღაღადებს შენდა მომართ: გიხაროდენ, ყოვლადსანატრელო და ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე.
დღის საკითხავები
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
რიგ.: 1 თეს. 5: 14-23 (დას. 273). ლკ. 17: 3-10 (დას. 84).
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლიტ.: ღირ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
რიგ.: 1 თეს. 5: 14-23
14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ. 15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ. 16. მარადის ხარობდეთ. 17. გამუდმებით ილოცეთ. 18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში. 19. ნუ დაშრეტთ სულს. 20. წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ. 21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს. 22. განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს. 23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
რიგ.: ლკ. 17: 3-10
3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. 4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას – ვნანობო, მიუტევე. 5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა. 6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ. 7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო? 8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო. 9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია. 10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი ისიდორე პელუსიოტელი (+დაახლ. 436-440)
წმიდა მამამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, 436 წელს კი, ანგელოზებრივი ცხოვრებით ამქვეყნამდვე გაბრწყინებული, ანგელოზთა დასს შეუერთდა.
მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 344-347)
ღირსი მამაჲ ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI)
ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხოჲ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაჲთა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა“. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა“. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთავდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო“.
ღირსმა შიომ წმიდა ევაგრეს კვერთხი მისცა და უბრძანა: „კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ ჴმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი“. წმიდა ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმიდანი მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.
სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.
მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი და ერთგული მთავრის მონაზვნად აღკვეცა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევგარე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლოებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე“. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვებული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვრიველი ბერის წინაშე დაიჩოქა.
ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა მეფისათვის დამახასიათებელი გულუხვობით დიდი შესაწირავი გაიღო მონასტრისათვის, რომელთა შორის იყო ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარება, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოთხი დაბა…
ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ. როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათჳს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღჳმესა შინა, რომელი შევზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა“. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.
წმიდა ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა „ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა“, – შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: „უკეთუ მორჩილ გუექმნამ ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდება მას უხილავსა“. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით. დაკრძალულია შიო მღვიმის მონასტერში.
ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი (+868)
ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროინდელ დევნულობისას ღირსმა ნიკოლოზმა თეოდორე სტუდიელის ხვედრი გაიზიარა: მათ საპყრობილეებში სვამდნენ, ტანჯავდნენ, აბუჩად იგდებდნენ, წმიდა მამები კი ახოვნად განაგრძობდნენ მართლმადიდებლობის ქადაგებას. ნეტარი დედოფლის, თეოდორას (+867) მეფობისას, რომელიც ქვეყანას თავისი ვაჟის, მიხეილის სიყრმეში განაგებდა, ხატთაყვანისცემლობა აღსდგა და შფოთიც ჩაცხრა. ღირსი ნიკოლოზი სტუდიტის მონასტერს დაუბრუნდა და მის წინამძღვრადაც იქნა არჩეული. მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედოფალ თეოდორას ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა მეფის ბიძამ, ბარდამ, თავის რძალთან დაუფარავი თანაცხოვრებით სულშებილწულმა. უწმიდესი პატრიარქი ეგნატე ამხელდა ბილწ ხელისუფალს და მის გონს მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ: ბარდამ ცოდვას ცოდვა მიუმატა – მღვდელმთავარი ტახტიდან გადააყენა და გადაასახლა. წმიდა ნიკოლოზმა, რომელსაც არ სურდა უსჯულოების ზეიმს შესწრებოდა, დატოვა კონსტანტინეპოლი და მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა 7 წლის განმავლობაში. შემდეგ იგი დაატუსაღეს და სტუდიტის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატიმრობაში განვლო ორმა წელმა, მეფეების – მიხეილის (855-867) და ბარდას სიკვდილისა და ტახტზე ბასილი I მაკედონელის (867-886) აღსაყდრების შემდეგ კი ღირსი ნიკოლოზი განთავისუფლდა და წინამძღვრობას დაუბრუნდა. წმიდა ცხოვრებისათვის ნეტარმა მამამ უფლისაგან კურნების და სასწაულქმედების ნიჭი მიიღო, 868 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.