3.02.2024. 35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. შაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა 

3.02.2024. შაბათი. ხსნილი 

ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662 წ.) და მოწაფეთა მისთა მოწამეთა: ანასტასი კონსტანტინეპოლელისა (662) და ანასტასი აპოკრისიარისა; წმიდისა კათოლიკოს-პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინიისაით (284-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი ტრაპეზუნტელთა (284-305); ქალწულმოწამისა აგნიასი (304); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).

დღის ლოცვა 

ღირსი მაქსიმე აღმსარებლის კონდაკი:
სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).
რიგ.: კოლ. 1: 3-6 (დას. 249, შუა). ლკ. 16: 10-15 (დას. 81). 

ლიტ.: აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2 

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. 

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

ლიტ.: აღმსარებელისა: ლკ. 12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

რიგ.: კოლ. 1: 3-6 

3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას, 4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, 6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;

რიგ.: ლკ. 16: 10-15 

10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. 11. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? 12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ? 13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. 14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას. 15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე. 

 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას აწამა მხედარმთავარმა ლისიუსმა. როცა დევნა დაიწყო, ვალერიანმა, კანდიდმა და აკვილამ მთებს შეაფარეს თავი: მხეცებს შორის ყოფნა არჩიეს წარმართებთან ცხოვრებას. წმიდანებს აქაც მიაგნეს, ქალაქში ჩაიყვანეს და ქრისტეს მხნე აღსარებისთვის სასტიკად აწამეს: ხარის ძარღვებით სცემდნენ, უსერავდნენ სხეულს და ჭრილობებში მარილს უყრიდნენ. ევგენი რამდენიმე დღის შემდეგ შეიპყრეს და ისიც ამგვარადვე ტანჯეს. ბოლოს ოთხივე გახურებულ ღუმელში ჩააგდეს. უვნებლად გადარჩენილ მარტვილებს თავები მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე აგნია კეთილმსახური რომაელების ოჯახში დაიბადა III საუკუნეში. წმიდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, მის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა. როცა აგნიამ ქალაქის თავის, სიმფრონის ვაჟის ცოლობაზე უარი განაცხადა, ერთმა ახლობელმა ამცნო მმართველს, რომ ქალწული ქრისტიანი იყო. გაავებულმა სიმფრონიმ ბრძანა, გაეშიშვლებინათ იგი და საროსკიპოში ჩაეგდოთ. უფალმა არ დაუშვა თავისი რჩეულის შეურაცხყოფა – უეცრად აგნიას სქელი და გრძელი თმები ჩამოეზარდა თავზე და სხეული დაუფარა. საროსკიპოში მიყვანილი ქალწული ზეციური შუქით იყო გარემოცული, რომელიც ყველა შემოსულს თვალებს უბინდავდა. ქალაქის თავის ვაჟი, რომელიც გაკადნიერდა, ხელი შეეხო აგნიასთვის, იმავ წამს მკვდარი დაეცა მიწაზე, მაგრამ წმიდანის მხურვალე ლოცვით გაცოცხლდა და საკუთარი მამისა და შეკრული ხალხის წინაშე განაცხადა: „მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ცისა და ქვეყნის ჭეშმარიტი უფალი. სხვა ღმერთები მტვერია და ნაცარი!” ამ სასწაულის მხილველმა 160 ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მოწამეობრივად აღესრულა წარმართთა ხელით.
წმიდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს – კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). წმიდა მოწამე მშობლებმა ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
წმიდა მოწამე ნეოფიტე ნიკეიდან იყო. მშობლებმა იგი კეთილშობილ ქრისტიანად აღზარდეს. სიკეთის თავშეკავებული ცხოვრებისა და გამუდმებული ლოცვის გამო უფალმა წმიდანს სიყრმეშივე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდანის დედამ უფალს შესთხოვა, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. ღმერთმა თეთრი მტრედის სასწაულებრივი გამოჩენით აუწყა ქალს, რომ ნეოფიტე საცხოვნებელ გზას დაადგებოდა. იმავე მტრედმა გამოიყვანა ბავშვი მშობლიური სახლიდან და მთის ერთი გამოქვაბულისკენ – ლომის ბუნაგისკენ გაუძღვა. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმიდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა – მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად.
დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს. შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან 3 დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა, უკვე არ იცოდნენ, რა მოემოქმედნათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მარტვილს მახვილი უგმირა გულში. 
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად” რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.
ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას – ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.
638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.
როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში. 
წმიდა მოწამე ანასტასი ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან განიცდიდა დევნას მონოთელიტთა მხრიდან. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება სწორედ წმიდა ანასტასიმ შემოგვინახა; გარდაიცვალა 662 წელს. 
წმიდა ზოსიმე სირაკუზელის (+დაახლ 662) მშობლებს დიდ ხანს არ ჰყავდათ შვილი. უფალმა ისმინა ღვთისმოსავი მშობლების ვედრება და ვაჟი უბოძა მათ. შვიდი წლის ზოსიმე მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, წლების შემდეგ იქვე აღიკვეცა ბერად და 40 წლის მანძილზე წინამძღვრობა მონასტერს. პაპმა თეოდორემ წმიდანს სირაკუზის ეპისკოპოსად დაასხა ხელი (641-649).
წმიდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს განაგებდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახლოებით 662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ წმიდა ზოსიმე გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა. 
წმიდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო. ერთხელ იგი მძიმედ დასნეულდა და მხურვალე ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს განკურნება. პასუხად ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან შემოესმა: „ერთი წლის სიცოცხლე გეძლევა სიკვდილისთვის მოსამზადებლად!” სასწაულებრივად განკურნებულმა ნეოფიტემ ღვაწლი გაამკაცრა და აღსასრულისთვის დაიწყო მზადება. ერთი წლის შემდეგ, კვირადღეს, წმიდანს კვლავ ჩაესმა ხმა იმავე ხატიდან – უკვე დადგაო შენი მიცვალების დრო. ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარების შემდეგ ღირსმა ნეოფიტემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსი მაქსიმე ბერძენი (XV-XVI), მდიდარი და წარჩინებული ბერძენის ვაჟი, ალბანეთის ქალაქ არტში დაიბადა. სიყმაწვილეში მან ბევრი იმოგზაურა, ბევრ ენას დაეუფლა, მრავალ მეცნიერებას გაეცნო, ბოლოს კი ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის სავანეში ბერად აღიკვეცა. ამ დროს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილ ივანეს ძემ (1505-15330) ისურვა, თავისი დედის, სოფია პალეოლოგის ბერძნულ ხელნაწერებსა და წიგნებში გარკვეულიყო და კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიმართა თხოვნით, მისთვის სწავლული ბერძენი გამოეგზავნა. პატრიარქმა ასეთად ბერი მაქსიმე ჩათვალა. მოსკოვში ჩასულ წმიდანს დაევალა, სლავურად ეთარგმნა ფსალმუნებისა და საქმე მოციქულთას განმარტება, აგრეთვე რამდენიმე საღვთისმსახურო წიგნი.
ღირსი მაქსიმე გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას, მაგრამ იმის გამო, სლავური მისი მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია, თარგმნის პროცესში უზუსტობები ეპარებოდა.
მოსკოველი მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა ღირსი მაქსიმეს ნაშრომებს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.
ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმიდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია. მაქსიმემ უარი განაცხადა, რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმიდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: წერდა წერილებს მაჰმადიანების, პაპისტების, წარმართების წინააღმდეგ; თარგმნა მათეს და იოანეს სახარებების იოანე ოქროპირისეული განმარტებანი, შექმნა რამდენიმე დამოუკიდებელი თხზულებაც.
როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის მიზეზით, წმიდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო სატანჯველებით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა; თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმიდანს წიგნების შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმიდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ.”
ექვსი წლის შემდეგ ღირსი მაქსიმე საპყრობილედან გაანთავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარული ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმიდა მამამ ტროიცკო-სერგიევის ლავრაში გაატარა. დევნამ და მძიმე ღვაწლმა მოტეხა მისი ჯანმრთელობა, სულით კი კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ცხოვრების მიმწუხრზე იგი თავის მოწაფესთან, ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმნაზე მუშაობდა.
ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია ტროიცკო-სერგიევის ლავრაში. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.