12.03.2024. ყველიერის სამშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ყველიერის შვიდეული

12.03.2024 

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750) – წმიდისა პროკოპის თანამოღვაწისა; მღვდელმოწამისა პროტერისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457); მღვდელმოწამისა ნესტორ, მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250); ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (450).

დღის ლოცვა 

ღირსი ბასილი აღმსარებელის კონდაკი:

ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო. 

დღის საკითხავები 

იუდ. 1: 1-10 (დას. 77). ლკ. 22: 39-42, 45-71; 23: 1 (დას. 109).

იუდ. 1: 1-10 

1. იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, – მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. 2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ. 3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ. 4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს. 5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. 6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. 7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. 8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ. 9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა! 10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.

ლკ. 22: 39-42, 45-71; 23: 1 

39. გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, გაემართა ზეთისხილის მთისკენ; და მისდევდნენ მისი მოწაფეები. 40. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. 41. ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი ლოცულობდა 42. და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი. 

45. ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი, 46. უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. 47. სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, იუდად წოდებული, და საამბოროდ მიეახლა იესოს, 48. ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს? 49. როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი? 50. ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. 51. ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი. 52. ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით; 53. დღენიადაგ თქვენთან ვიყავი ტაძარში და ხელი არ აღგიმართავთ ჩემზე; მაგრამ ახლა თქვენია დრო და ბნელის მეუფება. 54. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა. 55. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა. 56. ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო. 57. მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას. 58. ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო. 59. ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია. 60. ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა. 61. მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; 62. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. 63. ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას; 64. თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა შენ? 65. და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი. 66. ხოლო როდესაც ინათა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესნი, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და თავიანთ სინედრიონში მიიყვანეს იგი; 67. და თქვეს: გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე? უთხრა მათ: თუ გეტყვით, არ მერწმუნებით; 68. ხოლო თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ. 69. ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ. 70. და თქვა ყველამ: მაშ, შენ ხარ ძე ღმრთისა? მიუგო მათ: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ. 71. ხოლო მათ თქვეს: რაღად გვინდა მოწმობა? ვინაიდან თვითონვე მოვისმინეთ მაგისი პირით. 

23: 1 

1. ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე ნესტორი, მაგიდიელი ეპისკოპოსი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას ეწამა, 250 წელს. უფალმა მსხვერპლშესაწირად განმზადებული კრავის გამოცხადებით წინასწარ აუწყა ნეტარ მამას თავისი მომავალი. წმიდა ნესტორი საკუთარ სახლში შეიპყრეს ლოცვის დროს, შემდეგ კი ქალაქ მაგიდისის მმართველმა პერგიაში გაგზავნა იგი სამსჯავროზე. აქ მღვდელმოწამე სასტიკი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს. 
მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი და მასთან ერთად აღსრულებული ექვსი მოწამე.
ევტიქის მონოფიზიტური ცრუმოძღვრების მიმდევრის, დიოსკორეს (444-451) პატრიარქობის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ხუცესი პროტერი, რომელიც უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმიდა მამებმა დაგმეს ევტიქის მწვალებლობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერი აღასაყდრეს.
მწვალებელი მწყემსმთავრის განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა მისი ბევრი მიმდევარი, რომლებიც აღსდგნენ ახალი პატრიარქის არჩევის წინააღმდეგ. ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ (450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს წაართვა ყოველგვარი პრივილეგიები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ და ქალაქში მეომართა ახალი, გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პროტერის სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათთვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მშვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც დანაპირები.
მარკიანეს სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. ხუცესმა ტიმოთემ, რომელიც პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და სათავეში ჩაუდგა მოჯანყეებს. წმიდა პროტერიმ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ალექსანდრია, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩვენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა: „დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!“ ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამეობრივი აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ერეტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი მისი ექვსი თანმხლები პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე – დიდი შაბათი იდგა. მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გამოათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.
მართლმადიდებლებმა მომხდარის შესახებ წმიდა იმპერატორს ლეონს (457-474) და კონსტანტინეპოლელ პატრიარქს ანატოლის (449-458) აუწყეს. ალექსანდრიაში დიდი მხედრობა ჩავიდა და ჩააცხრო შფოთი. ტიმოთე სამსჯავროს გადასცეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
მღვდელმოწამის აღსრულების შემდეგ მისი თანამედროვე ოთხი თრაკიელი ეპისკოპოსი წერდა: „უწმიდესი პროტერი წმიდათა დასში გვეგულება და შევთხოვთ უფალს, წყალობა გარდამოგვივლინოს მისი ლოცვების მეოხებით“. 
ღირსნი მარინე და კირა, ღვიძლი დები, IV საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ბერიაში (მცირე აზია). როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, მათ დატოვეს მდიდარი და წარჩინებული მშობლების ოჯახი და ქალაქიდან გავიდნენ. წმიდანებმა მიწის ერთ მცირე ნაკვეთს ზღუდე შემოავლეს, შემოსასვლელი ქვებითა და თიხით ამოქოლეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე, ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში ორმოც დღეში ერთხელღა ჭამდნენ. წმიდა დების ცხოვრებას კარგად იცნობდა ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი: დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავიანთ საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმიდანებთან და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ ღირსი დედები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: ერთხელ მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანისსაცემად იმოგზაურეს იერუსალიმში. სანამ წმიდა ადგილებს არ მიეხალნენ, მათ არანაირი საზრდელი არ მიუღიათ, არც უკანმობრუნებისას უხმევიათ რამე. მეორე ასეთივე მოგზაურობა განახორციელეს მათ ისავრიაში, წმიდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს. 
ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან (ხს. 27 თებერვალს) ერთად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იქ იტანჯებოდნენ აღმსარებლები უსჯულო იმპერატორის აღსასრულამდე. ღირსი ბასილი მშვიდობით მიიცვალა 750 წელს.