13.03.2024. ყველიერის ოთხშაბათჲ

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ყველიერის ოთხშაბათი

13.03.2024 

ღირსისა კასიანე რომაელისა (435); ღირსისა იოანესი, ბარსანოფად წოდებულისა, დამასკელ ეპისკოპოსისა (V); მოწამისა თეოქტირისტესი (VII). 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: იოელ. 2: 12-26.
მწუხრზე:
იოელ. 3: 12-21. 

იოელ. 2: 12-26 

12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. 13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას. 14. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის. 15. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა. 16. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან! 17. ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი? 18. გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს. 19. მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში. 20. ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს – დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი. 21. ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა. 22. ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. 23. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად. 24. აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით. 25. აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. 26. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ, და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.

იოელ. 3: 12-21 

12. აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა. 13. განავლინენით მანგალნი, რამეთუ წარმოდგა მსთულებელი. შევედით, დასწნიხეთ, რამეთუ სავსე არს საწნახელი. გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდეს ძჳრნი მათნი. 14. ოხრანი იოხრნეს ღელესა შინა სასჯელისასა, რამეთუ მახლობელ არს დღე უფლისაჲ ღელესა შინა სასჯელისასა. 15. მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი. 16. ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი. 17. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინა. და იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე. 18. და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა. 19. ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა. 20. ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა. 21. და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი იოანე კასიანე რომაელი წარჩინებულ და დიდებულ რომაელთა შვილი იყო. სიყმაწვილიდანვე სიბეჯითითა და ნათელი გონებით გამორჩეული ჭაბუკი ჯერ ასტრონომიასა და ფილოსოფიაში განისწავლა, შემდეგ კი სასულიერო მწერლობას ჩაუღრმავდა.
დაახლოებით 388 წელს წმიდა მამამ ბეთლემის სავანეში მონაზვნობა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ იგი სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდასა და სკიტის უდაბნოში სამოგზაუროდ გაეშურა, მოინახულა აქ მოსაგრე მამები და გაიღრმავა სულიერი გამოცდილება. 397 წელს იოანე და გერმანე დაბრუნდნენ ბეთლემში, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სწავლა-მოძღვრების მოსასმენად კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც იოანე დიაკვნად აკურთხეს. 405 წელს წმიდა მამა კონსტანტინეპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი I-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად.
ღირს იოანეს მღვდლად სამშობლოში დაასხეს ხელი. მარსელში მან დაარსა მამათა და დედათა მონასტრები, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. იგი ცდილობდა, თანამემამულეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლებინა. 431 წელს იოანე კასიანე, რომელმაც აღმოსავლელ და დასავლელ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. თავის ნაწერებში ღირსი კასიანე მოსაგრე მამების სულიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. იგი წერდა: „მადლი ნაკლებად მოიპოვება მაღალფარდოვანი სიტყვებით ენაწყლიანი დისპუტებით, დიალექტიკური სილოგიზმებით და ციცერონის მჭერმეტყველებით“. 
ღირსი იოანე დამასკელი, ბარსანოფად წოდებული დაიბადა პალესტინაში. იგი 18 წლის იყო, როცა მოინათლა, მცირე ხნის შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა. ასკეტ ბერს დამასკოს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი, მაგრამ განმარტოებისკენ მიდრეკილმა მამამ ფარულად დატოვა ეპარქია და ალექსანდრიას მიაშურა ბარსანოფის სახელით. იოანე ნიტრიის უდაბნოს სავანეში დამკვიდრდა: დღისით მორჩილად ემსახურებოდა ბერებს, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. მალე წმიდა თეოდორე ნიტრიელმა მდაბალ ბერში დამასკელი ეპისკოპოსი შეიცნო, რის შემდეგაც წმიდა მამა აქაურობასაც განერიდა, ეგვიპტეში წავიდა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე (V). 
ღირსმა ლეონმა, კაბადოკიელმა მონაზონმა მოყვასის სიყვარულისთვის „დადო სული თვისი“. იგი ნებით ჩაბარდა ტყვედ სარკინოზებს: სამი სნეული მონაზვნის ნაცვლად მათ საკუთარი ჯანსაღი, სამუშაოებისთვის ვარგისი თავი შესთავაზა. უდაბნოში ხანგრძლივ მგზავრობას წმიდა მამამ ვერ გაუძლო და ძალები გამოეცალა, რისთვისაც უსჯულოებმა მახვილით მოკლეს.