14.03.2024. ყველიერის ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ყველიერის ხუთშაბათი

14.03.2024 

ღირსისა შიო მღვიმელისა; ღირსმოწამისა ევდოკია ილიოპოლელ იღუმენიასი (160- 170); მოწამისა ნესტორისა და ტრივიმისა (III); მოწამისა ანტონინასი (III-IV); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (450-460). 

დღის ლოცვა

ღირსმოწამე ევდოკიას კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.

ღირსი შიო მღვიმელის ტროპარი:
სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: შიოსი: 1) სიბრძ. 3: 1-9. 2) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3. სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.:
 მთ. 11: 27-30 (დას. 43).

ლიტ.: იუდ. 1: 11-25 (დას. 78). ლკ. 23: 1-34, 44-56 (დას. 110).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). ლკ. 6: 17-23 (დას. 24). 

მწუხრ.: შიოსი: 1) სიბრძ. 3: 1-9. 2) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3. 3) სიბრძ. 4: 7-15 

1) 1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა. 

2) 15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს. 

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის, 

3) 7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

ცისკ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

ლიტ.: იუდ. 1: 11-25. ლკ. 23: 1-34, 44-56 

იუდ. 1: 11-25. 11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე. 12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი; 13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი. 14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, 15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი. 16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და – ანგარების გამო – პირფერნი. 17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. 18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. 19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი. 20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით. 21. ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. 22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. 23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც. 24. ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე, 25. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლკ. 23: 1-34. 1. ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. 2. დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს. 3. პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. 4. და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში. 5. მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე. 6. გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია? 7. როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო. 8. ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. 9. ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო. 10. მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას. 11. ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს. 12. და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ. 13. ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი 14. და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ. 15. და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. 16. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. 17. რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი. 18. მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა. 19. ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი არეულობისა და მკვლელობის გამო. 20. კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა. 21. მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი! 22. პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. 23. მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ. 24. და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ. 25. გაუშვა ის, ვინც საპერობილეში იჯდა არეულობისა და მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას. 26. ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ. 27. უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. 28. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. 29. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. 30. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ; 31. რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს? 32. მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც. 33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე – მარცხნივ. 34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი. 

ლკ. 44-56.  44. იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. 45. დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. 46. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული. 47. ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო. 48. სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. 49. ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას. 50. და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი, 51. რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი, 52. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 53. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. 54. პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი. 55. უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. 56. ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2. ლკ. 6: 17-23 

გალ. 5: 22 – 6: 2. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული. 

ლკ. 6: 17-23. 17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსმოწამე ევდოკია (+160-170) იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.
ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს.
კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა.
ერთხელ, როცა ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი, ფილოსტრატე, ბერის შესამოსელით შეიპარა მონასტერში და შეეცადა იგი ილიოპოლისში გაეტყუებინა ძველი ცხოვრებისაკენ მისაბრუნებლად. „ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ!” _ მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მკვდარი დაეცა მიწაზე. დედებს შეეშინდათ, რომ ღვთის სასჯელს მკვლელობად ჩაუთვლიდნენ მათ წინამძღვარს და უფალს შეევედრნენ, გამოეჩინა თავისი ძალა. მაშინ უფალი გამოეცხადა წმიდანს და უთხრა: „აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღსდგება მაცდუნებელი შენი”. ევდოკიას ლოცვით ფილისტრატე მკვდრეთით აღსდგა, ღირს დედას შენდობა სთხოვა, მოინათლა და მონათლული დაბრუნდა ილიოპოლისში.
მალე ახალი განსაცდელი დაემუქრა წმიდანს. ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ფილოსტრატეს ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, ღირსი ევდოკია შეიპყრეს და საწამებლად მიჰგვარეს გამგებელ დიოგენს. ტყვექმნილი წმიდანის ლოცვით უფალმა მკვდრეთით აღადგინა მთავარსარდალ დიოდორეს მეუღლე თერმინა. ღვთის მადლში ხილულად დარწმუნებული დიოდორე და დიოგენი ოჯახებით მოინათლნენ. ღირსი ევდოკია რამდენიმე ხანი დიოდორეს სახლში ცხოვრობდა და ახალმოქცეულებს მოძღვრავდა, შემდეგ კი თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 56 წლის განმავლობაში.
დიოგენის გარდაცვალების შემდეგ გამგებელი გახდა ქრისტიანთა მკაცრი მდევნელი ბიკენტი. მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ქრისტიანობის უშიშარი აღმსარებელი. წმიდა ღირსმოწამე ევდოკიას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 160-170 წლებში, 1 მარტს. 
წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი (III ს) იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV) ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. წმიდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმიდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს. 
ღირსი დომნინა სირიელი (+450-460) წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს ღებულობდა. ღირსი დედა ყოველ განთიადს და მწუხრს ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით, „ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა”.
წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 450-460 წლებში. 
ღირსი აღაპი ვატოპედის სავანეში მოღვაწე მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმიდა ათონის ნაპირზე გადმოსულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს. 12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ განთავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა მას, გაამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა. ბორკილებისაგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩამოაღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩილების გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა თავის ბატონს, ასეთი საქციელითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურში გალია.