გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის დასაწყისი.
დიდი მარხვის პირველი შვიდეული. ორშაბათი. 18.03.2024.
მოწამისა კონონ ისავრიელისა (I); მოწამისა ონისესი (I); მოწამისა კონონ მებაღისა (III); მოწამისა ირაიდასი; მოწამისა ევლოგი პალესტინელისა; მოწამისა ევლამპისა; ღირსისა მარკოზისა (V); ღირსისა ისიხისა (790); კეთილმსახურთა მთავართა: თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულთმოქმედთა (წმ. ნაწ. პოვნა 1463).
დღის ლოცვა
ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმიდითა და მათ თანავე მზრახველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 1: 1-20.
მწუხრზე: დაბ. 1: 1-13. იგავ. 1: 1-20.
VI ჟამზე: ეს. 1: 1-20
1. ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს. 2. ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ. 3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს. 4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ! 5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული. 6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი. 7. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ. 8. დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. 9. ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით! 10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო! 11. რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! 12. რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? 13. ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? 14. თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. 15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! 16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. 17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. 18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. 19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; 20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
მწუხრზე: დაბ. 1: 1-13
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე.
მწუხრზე: იგავ. 1: 1-20
1. იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა. 2. სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად; 3. ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად. 4. ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად. 5. გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა. 6. რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს. 7. უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ. 8. ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. 9. რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია. 10. შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას. 11. თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო, 12. შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო, 13. მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო, 14. წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, – 15. შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს, 16. რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის. 17. ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ: 18. თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან. 19. ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს. 20. სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I)
მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.
ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.
წმიდა მოწამე ონისიმე (I)
წმიდა მოწამე კონონი (III)
ღირსი ისიხი მმარხველი (+434)
გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხის ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.
ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).