19.03.2024. დიდი მარხვის პირველი შვიდეული. სამშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის პირველი შვიდეული

სამშაბათი. 19.03.2024. 

მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, ქუთათელი მიტროპოლიტისა (წერეთელი, 1820); 42-თა ამორეველ მოწამეთა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, მელისენესი, კალისტესი, ბასესი და სხვათა მათთანა (845); პოვნა პატიოსნისა ჯვარისა და სამსჭვალთა წმიდა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326); ღირსმოწამისა კონონისა და ძისა მისის კონონისა (270- 275); ღირსისა არკადი კვიპრელისა (361). 

დღის ლოცვა

42-თა ამორეველთა მოწამეთა

კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიითვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსაცდელთაგან. 

სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკულავნი სარწმუნოებისანი, გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვნეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრისტეს მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი. 

დღის საკითხავები 

სამშ. VI ჟამზე: ეს. 1: 19 -2: 3.
მწუხრზე:
 დაბ. 1: 14-23. იგავ. 1: 20-33.

სამშ. VI ჟამზე: ეს. 1: 19 -2: 3

19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; 20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ. 21. როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან. 22. ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია. 23. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ მოიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ. 24. ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე! 25. მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ. 26. მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმეეა, უტყუარი სატახტო. 27. სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოქცეულნი – სიმართლით! 28. დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის მიმტოვებელნი დაიღუპებიან. 29. რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ. 30. რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით. 31. ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე – ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება. 

1. სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე. 2. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. 3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან.

მწუხრზე: დაბ. 1: 14-23 

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად – დღეებისა და წელიწადებისა; 15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. 16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები. 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, 18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 19. იყო საღამო, იყო დილა – მეოთხე დღე. 20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. 21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. 23. იყო საღამო, იყო დილა – მეხუთე დღე. 

წუხრზე: იგავ. 1: 20-33 

20. სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას; 21. ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას: 22. როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა? 23. მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს. 24. ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. 25. უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით. 26. და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ; 27. როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება. 28. მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან, 29. რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს, 30. არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება, 31. იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან. 32. რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა. 33. ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275). წმიდა ღირსმოწამე კონონი ცხოვრობდა იკონიაში (მცირე აზია). დაქვრივების შემდეგ მან შვიდი წლის ვაჟთან ერთად მონასტერში დაიდო ბინა. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა იგი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხმიდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალის სინათლეს უბრუნებდა. კონონი დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიანთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი – დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩაყარეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს, გამძვინვარებულმა მტარვალებმა გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. წმიდანებმა ლოცვისთვის დრო სთხოვეს ჯალათებს და უფალს შეჰღაღადეს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ შენი სახელისთვის ტანჯვის ღირსად შეგვრაცხე. გავედრებ შენს წმიდა ეკლესიას, შემუსრე მბრძოლნი მათნი, დაამტკიცე და გააძლიერე შენი თაყვანისმცემელნი, მიიღე სული ჩვენი და მოგვმადლე მშვიდობა“.
ლოცვის დამთავრებისთანავე ზეცით გაისმა ხმა, რომელიც წმიდანებს თავისთან უხმობდა. წმ. მოწამეებმა პირჯვარი გადაისახეს და მშვიდად მიაბარეს სული უფალს. მაშინვე მიწისძვრამ შეარყია ქალაქი და ყველა კერპი შემუსრა.
მონაზვნებმა წმიდანთა სხეულები საიდუმლოდ დამარხეს მონასტერში, სადაც ისინი მსახურებდნენ. ეს მოხდა ვალერიანეს მეფობის დროს, 270-275 წლებში. მოგვიანებით მამა-შვილის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მიტალიაში, ქალაქ აცერუში.

 

ღირსი არკადი კვიპრელი (+361) მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიან მკურნალი და ევული, თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოვებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვანი (+845). ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს (829-842) სარკინოზებმა ხელთ იგდეს ქალაქი ამორეა (გალატეა). ქალაქის დამცველი 42 მეომარი მტრებმა ტყვედ ჩაიგდო და სირიაში წაიყვანა. ამორეველებმა მხნედ აიტანეს მრავალი ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. გაუტეხელ მეომრებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს. 
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი – მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა – ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.
დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.
მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.
1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.
1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს…“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.
რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.
ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.