გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
37-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
15.02.2024. ხსნილი
მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ლამპრობა.
დღის ლოცვა
მირქმა
ტროპარი: გიხაროდენ, მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) გამ. 12: 51; 13: 1-3, 10-12, 14-16; 22: 29. ლევ. 12: 1-4, 6-8. რიცხ. 8: 17: 2) ეს. 6: 1-12. 3) ეს. 19: 1-5, 12. 16, 19-21.
ცისკ.: ლკ. 2: 25-32 (დას. 8).
ლიტ.: მიგებებისა: ებრ. 7: 7-17 (დას. 316). ლკ: 2: 22- 40 (დას. 7).
მწუხრ.: 1) გამ. 12: 51; 13: 1-3, 10-12, 14-16; 22: 29. ლევ. 12: 1-4, 6-8. რიცხ. 8: 17: 2) ეს. 6: 1-12. 3) ეს. 19: 1-5, 12. 16, 19-21.
1) 12: 51. სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად ისრაელიანები.
13: 1. ასე უთხრა უფალმა მოსეს: 2. წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი. 3. უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
10. იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე. 11. როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას, 12. განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
14. როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. 15. როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი. 16. გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
22: 29. ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე.
ლევ. 12: 1-4, 6-8.: 1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2. ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება. 3. მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა. 4. ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.
რიცხ. 1) 8: 17:
17. რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი.
2) ეს. 6: 1-12.
1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. 2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. 3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! 4. შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. 5. ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს. 6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით. 7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა. 8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე. 9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. 10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს. 11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. 12. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში.
3) ეს. 19: 1-5, 12. 16, 19-21.
1. ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები. 2. ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. 3. დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ. 4. ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი. 5. წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება,
12. სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს?
16. იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს.
19. იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან. 20. იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ. 21. გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და აღასრულებენ კიდეც.
ცისკ.: ლკ. 2: 25-32
25. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე. 26. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. 27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით, 28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: 29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. 30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, 31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, 32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.
ლიტ.: მიგებებისა: ებრ. 7: 7-17
7. ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. 8. აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი – ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. 9. და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი. 10. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. 11. ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო? 12. ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც. 13. რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს. 14. ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. 15. და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი, 16. რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით. 17. რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.
ლიტ.: მიგებებისა: ლკ: 2: 22- 40
22. ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე, 23. (როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;) 24. და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა. 25. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სული წმიდა იყო მასზე. 26. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას. 27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით, 28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა: 29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. 30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, 31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, 32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად. 33. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით. 34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად. 35. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი. 36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; 37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. 38. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში. 39. და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. 40. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)