20.03.2024. დიდი მარხვის პირველი შვიდეული. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის პირველი შვიდეული

ოთხშაბათი. 20.03.2024. 

მღვდელმოწამეთა ქერსონელ ეპისკოპოსთა: ბასილი, ეფრემ, კაპიტონ, ევგენი, ეთერიოს, ელპიდო და აღათოდორესი (IV); ღირსისა პავლე ყოვლად უბრალოსი (IV); პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა (I). ღირსისა ემელიანე იტალიელისა.

ლიტურგია პირველშეწირულისა.

დღის ლოცვა

მღვდელმოწამეთა ხერსონესის ეპისკოპოსთა: ბასილი, ეფრემ, კაპიტონ, ევგენი, ესთერიოს, ელპიდიოს და აღათოდორესის კონდაკი:

ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღდელმთავრობით ცხორებულთა, რომელთა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნეს სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღდელმოწამენო, ევედრენით მწყემსთმთავართა თავსა ქრისტესა, რაითა ჩუენცა მარჯვენეთა ცხოვართა თანა დგომას ღირს გუყვნეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ, მამანო, მღდელთმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თქუენთა დამთხეველნო. 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 2: 3-11.
მწუხრზე: დაბ. 1: 24 – 2: 3. იგავ. 2: 1-22. 

VI ჟამზე: ეს. 2: 3-11 

3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. 4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. 5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! 6. მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან. 7. ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს. 8. ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. 9. დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ. 10. კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! 11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!

მწუხრზე: დაბ. 1: 24 – 2: 3 

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა – მეექვსე დღე. 

1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. 2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა. 3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.

მწუხრზე: იგავ. 2: 1-22 

1. შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, 2. ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, 3. რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. 4. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. 5. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას. 6. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება, 7. მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის, 8. იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს. 9. მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა – ყოველი კეთილი საქმე. 10. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, 11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, 12. რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან, 13. სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან, 14. ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ, 15. რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია, 16. რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან, 17. რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა, 18. რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული. 19. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება. 20. რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო, 21. რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. 22. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (ხს. 25 ნოემბერს). მან აქ გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.
IV ს-ის დასაწყისში ხერსონესში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305), 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა ერთმონმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში გაგზავნა ეპისკოპოსები. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონესში ჩამოვიდა. შემდგომ ეფრემი დუნაის გასწვრივ მცხოვრებ ხალხთან გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმიდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს (ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე – 7 მარტი), წმიდა ბასილიმ მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმიდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოდ სცემეს და ქალაქიდან გააძევეს. წმიდა ბასილიმ მთებს მიაშურა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ის დაუცხომლად ლოცულობდა ხერსონელების მოქცევისათვის. უფალმა ურწმუნოებს სასწაული მოუვლინა: წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა ცნობილი ხერსონელი მოქალაქის ერთადერთი შვილი. წმიდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
მალე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმიდა ბასილის წინააღმდეგაც აღიჭურვნენ. 309 წლის 7 მარტს, ღამით, სახლში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმიდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმიდა ნაწილებს არაფერი მიკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში.
ერთი წლის შემდეგ წმიდა ბასილის თანამოღვაწეებმა – ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდიმ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ, ხერსონესში ჩამოვიდნენ, მრავალი იღვაწეს, ბოლოს კი წინამორბედების ბედი გაიზიარეს: 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.
რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, იერუსალიმიდან ხერსონესში ჩამოვიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა წარმართთა მხრიდან, მაგრამ შემდეგ წმიდა იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხერსონელ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმიდა ეთერიოსის ძალისხმევით ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა.
იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატავად წმიდა ეთერიოსი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა კურძულ ამოსზე, საბერძნეთში, 7 მარტს.
წმიდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონესში გამოგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი სასწაულის ქმნა მოსთხოვეს. უფლის ნებას მინდობილი კაპიტონი მღვდელმთავრის შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი ფილონის კალთით გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანა. სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. ამ სასწაულსა და წმიდა კაპიტონის უსაზღვრო რწმენაზე ეუწყათ წმიდა კონსტანტინესა და ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წ.) მონაწილე მამებს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გამორიყა. ადგილობრივმა წარმართმა მცხოვრებლებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი დაახრჩვეს, მათ შორის წმიდა კაპიტონიც. ეს მოხდა 21 დეკემბერს. წმიდა კაპიტონის ხსენება დაწესდა 7 მარტს, სხვა ხერსონელი მღვდელმთავრების ხსენების დღეს.
მღვდელმოწამეთა ქადაგებამ განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოება ხერსონესში. იქ იქცა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ.
987 წელს ხერსონესში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი. ეს ქალაქი რუსეთისთვის ქრისტიანობის აკვნად იქცა. 
ღირსი პავლე (IV) უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან (ხს. 17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო.
მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა. 
წმიდა პავლე აღმსარებელი (IX) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს. 
ღირსი ემელიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციდან გაისმა ხმა: „ემილიანე მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა: „უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ“.
ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიისვენა.