19.04.2024. დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. პარასკევი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული.

19.04.2024. პარასკევი 

ევტიქი კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (582); მეთოდე მორავიელ მთავარეპისკოპოსისა (885); ღირსისა პლატონიდა ასურისა (308); 120-თა სპარსელ მოწამეთა (344-347); მოწამეთა იერემიასი და არქილე ხუცისა (III); ხსენება ზოსიმესი და შიშველმართალთა. 

დღის ლოცვა

ევტიქი კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთოსა ევტიქის სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყუარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრძენსა, და მწვალებელთა მომსრველს, და მეოხსა მარადის უფლის მიმართ ჩუენ ყოველთასა.

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 45: 11-17.
მწუხრზე: დაბ. 22: 1-18. იგავ. 17: 17-28; 18: 1-5. 

VI ჟამზე: ეს. 45: 11-17 

11. ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე? 12. მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე. 13. მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუფლებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი. 14. ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა. 15. ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი. 16. შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი. 17. უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე.

მწუხრზე: დაბ. 22: 1-18 

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. 3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა. 4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. 5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. 6. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად. 7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? 8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. 9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ. 10. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. 11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ. 12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ –  მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. 13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. 14. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა. 15. მეორე გზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან 16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, 17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; 18. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.

მწუხრზე: იგავ. 17: 17-28; 18: 1-5 

17. მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება. 18. უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება. 19. ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს. 20. გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება. 21. ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს. 22. მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს. 23. ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს. 24. გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება. 25. ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი. 26. არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის. 27. მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია. 28. მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული – ჭკვიანად. 

1. თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება. 2. ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს. 3. ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი – სირცხვილი. 4. კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი – მოჩუხჩუხე ნაკადული. 5. არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი პლატონიდა ასური (+308) – დიაკონისა იყო, შემდეგ ნიზიბიის უდაბნოში წავიდა და დააარსა დედათა მონასტერი.
მისი სავანის ტიპიკონი სიმკაცრით გამოირჩეოდა. დები დღეში ერთხელ იღებდნენ საკვებს. ლოვცისგან თავისუფალ დროს ხელსაქმობდნენ. პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის ხსენების დღეს, ყოველგვარი საქმიანობა წყდებოდა და დედები დილიდან საღამომდე ტაძარში იყვნენ. მსახურების შუალედებში იკითხებოდა წმიდა წერილი და მისი განმარტება.
ღირსი პლატონიდა დებისთვის მკაცრი მონასტრული მოღვაწეობისას, სიმდაბლისა და მოყვასის სიყვარულის ცოცხალი მაგალითი იყო. ღრმა მოხუცებულობას მიღწეული ღირსი პლატონიდა მშვიდობით მიიცვალა 308 წ. 
120 მოწამე სპარსთაგან წამებული, მოწამე იერემია და არქილე ხუცესი. სპარსეთის მეფე საპორმა საბერძნეთიდან ტყვედ წაყვანილ ქრისტიანებს სჯულის შეცვლა მოსთხოვა. ტყვეთაგან მტკიცე უარითა და ქრისტიანობის მხნე აღსარებით განრისხებულმა მეფემ მათი წამება ბრძანა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ქრისტეს მხედართა სულებს წამებით ვერ გატეხდა, ისინი ცეცხლში დააწვევინა. წამებულთა შორის ცნობილია იერემიასა და არქილე ხუცესის სახელი. გადმოცემით მოწამეთა შორის იყო ღვთის სამსახურისთვის შეწირული 9 ქალწული. ეს მოხდა IV საუკუნეში, დაახლოებით 344-347 წლებში. მათი წამების შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი. 
წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+510) – დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს.
როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა წმიდა მინამ (536-552, ხს. 25 აგვისტოს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.
წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი.
წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს.
პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს.
როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა.
წმიდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი – იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582).
წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმიდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო.
პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს.