21.04.2024. დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა V.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე.

21.04.2024. შაბათი 

ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522); მოციქულთა 70-თაგანთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფოსი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა მათ თანა (I); მოწამისა პავსილიპესი (117-138); კელესტინე რომის პაპისა (432). 

დღის ლოცვა

მოციქულთა: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტი, ერმისა და სხვათა კონდაკი:
გამოსჩნდით თქუენ მოწაფედ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რუფე, ასინკრიტე, ფილიმონ, ერმი ეპაფროსითურთ, და მარადის ევედრებით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებასა, რომელნი გიგალობთ თქუენ.

ღირსისა მარიამ მეგვიპტელი

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა  ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა – ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321 შუა). მკ. 10: 32-45 (დას. 47).
ღირ.: გალ. 3: 23-29 (დას. 208). ლკ. 7: 36-50 (დას. 33). 

ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 

1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.

ლიტ.: ებრ. 9: 11-14  

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. 12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. 13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, 14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

ლიტ.: მკ. 10: 32-45 

32. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას: 33. აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, მიუსჯიან მას სიკვდილს და მისცემენ წარმართთ. 34. შეურაცხყოფენ, სცემენ აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი. 35. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი – იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ. 36. იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? 37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ. 38. მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ? 39. მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. 40. მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ – მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს. 41. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ. 42. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. 43. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური. 44. და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა. 45. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად.

ღირ.: გალ. 3: 23-29 

23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.

ღირ.: ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოციქულები იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვები (I) – იყვნენ სამეოცდაათთაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად (ხს. 70 მოციქულთა კრებისა 4 იანვარს).
წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და თან ახლდა მას მოგზაურობებში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.
წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (+67) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა აგაბოს წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.
მოციქული რუთოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,11), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) – გირკანიის ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე – მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი – დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).
ყველა მოციქული სასტიკად ეწამა ქრისტესთვის და მოწამეობრივად აღესრულა. 
წმიდა მოწამე პავსიანე (+დაახლ. 117-138) – აღესრულა იმპერატორ ადრიანეს დროს. წარმართთაგან ქრისტიანობისათვის დასმენილი წმიდა პავსიანე იმპერატორს მიჰგვარეს. ხანგრძლივი წამების შემდეგ პავსიანეს ბორკილები დაადეს და მოსაკლავად წაიყვანეს. გზაში ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, რომ დაეხსნა ჯალათების ხელიდან და უშფოთველი აღსასრული მოემადლებინა მისთვის. უფალმა შეისმინა მისი ვედრება: ნაგვემმა და დასუსტებულმა მოწამემ ისეთი ძალა იგრძნო, რომ რკინის ბორკილები გაგლიჯა და გაიქცა. ჯალათები გამოუდგნენ, მაგრამ წმიდა პავსიანემ მათ მოახლოებამდე შეჰვედრა სული უფალს.
ქრისტიანებმა მოწამის ცხედარი პატივით დაკრძალეს. 
წმიდა კელეტიმე – რომის პაპი (+432) – მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირეს (408-450) დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის, ბონიფაცი I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ კელეტიმე რომის კათედრაზე აირჩიეს.
ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელეტიმემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს (ხს. 18 იანვარს) და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან.
წმიდა კელეტიმე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინეპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.
კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის 6 აპრილს. 

ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი (+522)

1 (14) აპრილი, დიდმარხვის მე-5 კვირა

ღირსი მარიამ მეგვიპტელი (+522). პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. ერთხელ მას გონებაში გაუელვა ფიქრმა: „ნეტავ მოიძებნება უშორეს უდაბნოში ღვთივსულიერი კაცი, ჩემზე აღმატებული მღვიძარებასა და ღვაწლში?“როგორც კი ფიქრი დაასრულა, ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: „შენი ღვაწლი სათნოა უფლისათვის, მაგრამ „არავინ არს მართალ არცაღა ვართ“ (რომ. 3,10). ქვეყნად ცხონების უმჯობესი გზებიც არსებობს. გამოდი შენი სავანიდან, ვითარცა აბრაამ სახლითგან მამისა თვისისა (შეს. 12,1) და წადი იორდანეს მონასტერში“.აბბა ზოსიმემ დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ლოცვისა და მეტანიების შემდეგ ბერები ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და ფსალმუნის გალობით – „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფს. 26,1), უდაბნოში გადიოდნენ.ზოგ ბერს თან მიჰქონდა მცირედი საზრდელი, ზოგი კი მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ისინი იორდანეს გაღმა გადიოდნენ, ერთმანეთს შორდებოდნენ და ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.იმ წელს აბბა ზოსიმეც წავიდა უდაბნოში.ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამის ფსალმუნებს და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის ჩრდილი გაკრთა. ღირსი მამა შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, შიში უკუაგდო, ლოცვის დამთავრების შემდეგ კი იქითკენ გაიხედა და დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები კრავის მატყლივით გათეთრებოდა. აბბა ზოსიმემ გაიხარა ცოცხალი არსების ხილვით და მისკენ გაეშურა.როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა გარიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა ის საოცარი განდეგილი. ბოლოს ღონემიხდილი დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: „რად გაურბიხარ უდაბნოში საცხონებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე“.უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: „მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე,მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისთვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და კურთხევა გთხოვო“.„სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოვებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი“ – გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა გადაუგდო.შემოსილი ქალი ღირს მამას მიუახლოვდა: „რამ გაფიქრებინათ, მამაო, დამლაპარაკებოდით მე, ცოდვილ და უგუნურ ქალს? რა უნდა ისწავლოთ ჩემგან, რად დახარჯეთ ამდენი ძალა?“ღირსმა ზოსიმემ მუხლი მოიდრიკა და კურთხევა სთხოვა მეუდაბნოეს. ისიც მუხლებზე დაეცა. დიდხანს სთხოვდნენ ერთმანეთს კურთხევას. ბოლოს მეუდაბნოემ უთხრა: „აბბა ზოსიმე, შენ გმართებს კურთხევა და ლოცვის აღვლენა, რამეთუ ღირს იქმენ მოძღვრის ხარისხისა და მრავალი წელი ქრისტეს ტრაპეზთან მდგარი სწირავდი უფალს წმიდა ძღვენს“.ამ სიტყვებმა უფრო შეაშინეს ღირსი ზოსიმე: „სულიერო დედაო, ცხადია, შენ უფრო მიახლებიხარ უფალს და მომკვდარხარ სოფლისათვის, რადგან სრულიად უცნობს სახელით მომმართე და მოძღვარი მიწოდე, მაკურთხე, ღვთის გულისათვის“.ბოლოს ღირსმა დედამ წარმოთქვა: „გაკურთხოს უფალმან, მაცხოვნებელმან ყოვლისა სოფლისამან“. აბბა ზოსიმემ მიუგო: „ამინ“ და ორივენი წამოიმართნენ. მეუდაბნოემ კვლავ მიმართა ზოსიმეს: „რისთვის მოხვედ, მამაო, ჩემგვარ ცოდვილთან? როგორც ჩანს, სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რომ ჩემი სულისთვის საჭირო სამსახური გასწიო. მაუწყე, მამაო, როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები, როგორ იზრდება ღვთის წმიდა ეკლესია?“აბბა ზოსიმემ უპასუხა: „თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მომადლა მშვიდობა ეკლესიას და მთელს ქვეყანას. ყურადიღე უღირსი ბერის ვედრება, დედაო, ილოცე ქვეყნისთვის და ჩემთვის, ცოდვილისთვის, რათა ფუჭი არ მექნეს უდაბნოში მწირობა“.წმიდა მეუდაბნოემ უპასუხა: „უფალს სათნო ეყოფა, აბბა ზოსიმე, შენი ლოცვა ჩემთვის და სხვებისთვისაც, რამეთუ ხელდასხმის მადლი გაქვს. მე კი მორჩილებით აღვასრულებ შენს სურვილს და ვილოცებ წმიდა გულით“.მეუდაბნოემ აღმოსავლეთით იბრუნა პირი, თვალები და ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვად დადგა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში აიწია. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო.ზოსიმეს გონებაში კვლავ გაკრთა ფიქრი: „ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?“ მაშინ ღირსმა დედამ ის წამოაყენა და უთხრა: „რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ“, შემდგომ კი პირჯვარი გადაისახა. ამის შემყურე და გამგონე ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: „გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიდე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული“.მეუდაბნოემ უთხრა: „მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან გამერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის.ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ სიძვისას ვნებას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ-მეთქი ცოდვით დაცემისათვის. ახლა მერწმუნეთ, მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას.ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი.ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველსმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ – უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და შორიახლოს კუთხეში გავჩერდი.უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო, ავტირდი და სინანულით მუშტი ჩავირტყი მკერდში. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: „ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ-იქნა უფალი, მოსატევებელად ცოდვათა ჩვენთა, თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანი-ვსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, განვალ ამ სოფლისგან და წარვალ, საითკენაც მომიწოდებ“.ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი.ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე.უცებ შორიდან შემომესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის“. ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე“. ტაძრის ეზოდან გამოსულს ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. იმ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე.მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში“.აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: „რამდენი წელია, დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?“ – „ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი“.ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?“ – „როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო“. – „მერწმუნე, აბბა ზოსიმე, – განაგრძო ღირსმა დედამ, – ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი დიდებული მყუდროება ისადგურებდა.როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ დღე და ღამ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი.ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი – ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის“.აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც – სამოსელი?“მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს.აბბა ზოსიმე გააკვირვა მეუდაბნოეს საღმრთო წერილში განსწავლულობამ და ჰკითხა: „სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?“ მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: „მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს (კოლ. 3,16; პტ. 1,21; 1 თეს. 2,13). მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს“. კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი?მეუდაბნოემ გააგრძელა: „მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანის ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურაფერს მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს“.მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან.როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა და გაახსენდა მეუდაბნოეს წინასწარმეტყველება. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა.მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოეს მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: „როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?“ მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: „რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ – ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი“, თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ, მისი თხოვნით, „მრწამსი“ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“. შემდეგ ბერს მიმართა: „მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის“. შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. აღტაცებული მამა ზოსიმე სულიერი ზეიმით დაბრუნდა მონასტერში.გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა. აბბა ზოსიმემ მას ცრემლებით დაბანა ტერფები. ფსალმუნები უგალობა და შესვენებულთა ლოცვა წაუკითხა, ოღონდ ვერ გადაეწყვიტა, დაემარხა თუ არა. უცებ ნახა, რომ წმიდანის შუბლზე დაწერილი იყო: „მამაო ზოსიმე, აქ დამარხე ცოდვილი მარიამის ცხედარი. ევედრე უფალს ჩემი ცოდვილი სულისთვის აპრილის პირველ დღეს“.აბბა ზოსიმე განცვიფრდა: მან იცოდა, რომ წმიდანმა წერა-კითხვა არ იცოდა, ვის უნდა გაეკეთებინა წარწერა?ზოსიმემ ღმერთი ადიდა, წმიდანის გვამი ცრემლებით დაასველა, შემდეგ კი გაიფიქრა: „როგორ გავთხარო საფლავი მე ცოდვილმა, ხელთ რომ არაფერი მაქვს!“ უცებ შორიახლოს ხის ტოტი დაინახა და იმითი დაიწყო თხრა, მაგრამ მიწა მშრალი იყო, არ ემორჩილებოდა. მხცოვანი ბერი წელში გაიმართა და დაინახა, რომ წმიდანის ტერფებს უზარმაზარი ლომი ლოკავდა. შიშმა შეიპყრო, პირჯვარი გადაისახა და ღვთის ნებას და წმიდანის მეოხებას მიანდო თავი. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ, მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე – მონასტერში.სავანეში მოსულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა.ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა (ხს. 11 მარტს) ჩაწერა.„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.