23.04.2024. დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. სამშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-6 შვიდეული

23.04.2024. სამშაბათი 

ქვაბთახევის მამათა მონასტერში წამებულთა, ჟამ- თა თემურ-ლენგისათა (1386); მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსი, აფრიკანოსი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და სხვათა 33-თა (249-251); მოწამეთა: იაკობ ხუცისა, აზა და ავდიკი დიაკონთა, სპარსელთა (380); მღვდელმოწამისა გრიგოლ V კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (1821). 

დღის ლოცვა

მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსი, აფრიკანესი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და სხვათა 33-თა კონდაკი:
 მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა, ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა მოსწრაფედ უკუე მივრბიოდით, რაითა მოვიღოთ კურნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღეს მადლი სულისა წმიდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა. 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 49: 6-10.
მწუხრზე: დაბ. 31: 3-16. იგავ· 21: 3-21. 

VI ჟამზე: ეს. 49: 6-10 

6. თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს. 7. ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია. 8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.

მწუხრზე: დაბ. 31: 3-16 

3. უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები. 4. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან. 5. უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე. 6. თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის. 7. მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის. 8. როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. 9. წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა. 10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან. 11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ. 12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს. 13. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას. 14. მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? 15. განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა? 16. ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.

მწუხრზე: იგავ· 21: 3-21 

3. სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის. 4. ქედმაღლობა და დიდგულობა – ბოროტეულთა ლამპარი – ცოდვაა. 5. მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა – სიდუხჭირეს. 6. სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი. 7. ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა. 8. ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა. 9. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას. 10. ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი. 11. ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს. 12. ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს. 13. ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული. 14. ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი – ძლიერ მრისხანებას. 15. სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის – შიში. 16. გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს. 17. ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და  ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება. 18. მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი – მზაკვარი. 19. უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას. 20. ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ. 21. სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                  (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი (III) იმპერატორ დეკიუსის დროს (241-251) აღესრულნენ ქრისტესთვის. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. როდესაც ეს ბრძანება აფრიკის გამგებელმა ფორტუნატიანემ მიიღო, მოედანზე შეკრიბა ხალხი, დასაშინებლად წამების საშინელი იარაღები აჩვენა და მოითხოვა, უკლებლივ ყველას შეესრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წამების შიშით ბევრმა შეასრულა უსჯულო გამგებლის ბრძანება, მაგრამ წმიდა ტერენტიმ ორმოც ქრისტიანთან ერთად უშიშრად განაცხადა თავისი ერთგულება ქრისტესადმი. ფორტუნატიანეს გაუკვირდა მათი სიმამაცე და ჰკითხა: გონიერ ადამიანებს როგორ შეგიძლიათ ღმერთად ჩათვალოთ ის, ვინც იუდეველებმა ჯვარს აცვეს, როგორც ავაზაკი?! წმიდა ტერენტიმ უპასუხა, რომ მათ სწამთ მაცხოვარი, ადამიანთა ცოდვათათვის ჯვარცმული და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი. ფორტუნატიანი მიხვდა, რომ ტერენტი თავისი მაგალითით ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს და ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება სამ უახლოეს მეგობართან – აფრიკანთან, მაქსიმესთან და პომპიოსთან ერთად. სხვა მოწმეებს კი, მათ შორის ზენონს, ალექსანდრეს და თეოდორეს აიძულებდა უარი ეთქვათ სარწმუნოებაზე. ვერავითარმა დაპირებამ და წამებამ ვერ გაჭრა: წმიდანები მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და უფალიც განამტკიცებდა მათ.
ფორტუნატიანემ ბრძანა, მოწამეები კიდევ ერთხელ მოეყვანათ ტაძარში და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მათ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. წმიდანებმა ღმერთს შეჰღაღადეს: „ყოვლადძლიერო უფალო, რომელმან ცეცხლი უწვიმე სოდომს უსჯულოებისა მისისათვის, დააქციე უწმინდური ტაძარი ესე, ჭეშმარიტებისა შენისათვის!“ კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, შემდეგ ტაძარიც ჩამოინგრა. გამძვინვარებულმა გამგებელმა წმიდანების დახოცვა ბრძანა.
ოცდათექვსმეტი მოწამის დახოცვის შემდეგ ფორტუნატიანემ იხმო ტერენტი, მაქსიმე, აფრიკანი და პომპიოსი, უჩვენა წამებულთა გვამები და კვლავ უბრძანა მსხვერპლშეწირვა. წმიდანებმა უარი განაცხადეს. მაშინ გამგებელმა ბორკილები დაადო მათ და საპყრობილეში გამოამწყვდია, რომ შიმშილით გამწყდარიყვნენ. ღამით უფლის ანგელოზმა ბორკილები შეხსნა მოწამეებს და დააპურა. დილით დარაჯებმა მხნე და ჯან-ღონით სავსე ტყვეები იხილეს. ფორტუნატიანმა მოგვებს უბრძანა, გველებითა და ყოველგვარი უწმინდურებით აევსოთ საკანი, მაგრამ დარაჯებმა დაინახეს, რომ ქვეწარმავლები მლოცველი წმიდანების ფეხებთან დახოხავდნენ და მათ არაფერს ვნებდნენ.
ბოლოს, განრისხებული ფორტუნატიანეს ბრძანებით წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი ქალაქგარეთ. 
წმიდა მოწამენი იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (+დაახლ. 380) – აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეპსიმესთან (ხს. 3 ნოემბერს) ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.
გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოჲსნი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაჲ მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“.
თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა.
კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს „უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა. სარწმუნოებისაგან სათანადოჲსა მოაკლდა“. შემდეგ ღვთის სასოება კვლავ აღდგა მასში, მოტყუებით მოიმადლიერა თემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა.
ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა „აღსწყჳდა. მახჳლთა ერთიცასა ბარბაროსთაგანიცა განურინებელად“.
ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ-ლენგი და, „ჩუენ ზედა განმხედრებად აღძრული“, წამოემართა ბაგრატზე შურის საძიებლად. ქართველებმა მტრის პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა.
თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმიდა ეკლესიები დაარღვიეს და „ესრეთ მარბიელობით“ ჩააღწიეს ქვაბთახევის მშვენიერ მონასტრამდე.
ქვაბთახევში მტერს დაუხვდა „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის ძმანი“. გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირეჲ“.
ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი, „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი“. მოხუცებულნი და უძლურნი, რომელთა ტყვედ წასხმაც შეუძლებელი იყო, მახვილით მოწყვიტეს.
ღვთის სამკვიდრებელში შესულმა უღმრთოებმა შეაგინეს წმიდა ტაძარი – გააშიშვლეს მახვილები, „ჰკაფდეს უწყალოდ ვენახსა მას სიტყჳერსა ანუ ხილნარსა მტილისა ღუთისასა“, უფლის ღირს მონათა ცხედრები ცის ფრინველთა საჭმელად და „მჴეცთა ქუეყანისათა“ საჯიჯგნად დატოვეს.
როცა ბარბაროსებმა კვლისა და ტყვეთა შეკვრისაგან მოიცალეს, წმიდა სამღვდელო კაცთა, მონაზონთა, ქალწულთა და მოწესეთა დაცინვა დაიწყეს – ეჟვნები შეაბეს მათ, თვითონ კი ეშმაკისგან გაგიჟებულებმა „იწყეს ხლდომად და როკვად“. „ვაი ჩუენდა, მონაზონთა“ – ქვითინით და ვაებით გოდებდნენ მოწამეები.
ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო. ტყვექმნილნი პასუხობდნენ: „ჩვენ უკუე მიცემულთა ხელთა მიმართ თქუენთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომელნი ვქმნენი და განვარისხეთ შემოქმედი ჩვენი და ღმერთი და არა თუ სიმართლისათვის თქუენთა ვესავთ, ვითარმედ განგვწმიდნეს პატიჟთა ამით დროებითითა და განგვისვენნეს უწელიწდოებითსა შინა საუკუნოსა. ვერა რაჲმემან განმაშორნეს სიყუარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახჳილმან, არა რაჲმეღა ჩუენდა ღვთისა მიმართ მისართუმელ დროსა მას“.
მოწამეები ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნის სიტყვებს – „შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კულადნი“.
როცა მარტვილნი ეკლესიის კარებთან მიიყვანეს, ასე მიმართეს უფალს: „შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი“.
ღვთის ტარიგნი ბარბაროსებს ეუბნებოდნენ – „აღანთენით ჴორცნი, ბოროტმსახურნო, რათა ცეცხლითა საღმრთოჲთა მთებარენი სულნი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდეს სასუფეველსა შინა ზეციურსა მამისასა, ნუ იცადებთ შეწირვასა ჩუენსა, რათა სახილველ ვიქმნეთ სოფლისა და ანგელოსთა და კაცთა, დაღაცათუ ჯერეთ სურჳლსა ჩუენსა მხოლოდ უფალი ჰხედავს და სიმართლისათჳს ჩუენისა ნუგეშინისა გვცემს“.
მტარვალებმა უფრო მეტი შეშა მოზიდეს და უფრო დიდი ცეცხლი აღაგზნეს. ალი მაღლა ადიოდა, ხშირი ნაკვერცხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდეს“, ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მონანი უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი.
ეკლესიის იატაკზე მოწამეთა დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმიდისა ეკლესიისასა დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან“.