22.04.2024. დიდი მარხვის მე-6, ბაიაობის (ბზობის) შვიდეული. ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-6 შვიდეული

22.04.2024. ორშაბათი 

მოწამისა ევფსიქი კესარია-კაბადოკიელისა (362); მოწამეთა: ილიოდორე ეპისკოპოსისა, დუსავ (დისან) და მარიავ ხუცესთა, ავდიისუსისა და სხვათა 270-თა (362- 364); ღირსმოწამისა ვადიმ არქიმანდრიტისა (376); მოწამეთა: ატომისა, ძისა მისისა ვაროსი, ნერსესი, ვაძრაორისა და მოყვასთა მათთა (408-420). 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 48: 17-22; 49: 1-4.
მწუხრზე: დაბ. 27: 1-41. იგავ · 19: 16-25.

VI ჟამზე: ეს. 48: 17-22; 49: 1-4 

17. დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა; დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა. 18. უთხრა იოსებმა მამას: ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, მის თავს დაადე შენი მარჯვენა. 19. იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა. 20. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ. 21. უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე. 22. შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით. 

1. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. 2. თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ! 3. რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი. 4. ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.

მწუხრზე: დაბ. 27: 1-41 

1. როცა დაბერდა ისაკი და თვალს დააკლდა, დაუძახა ესავს, თავის უფროს შვილს, და უთხრა: შვილო! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა ისაკმა: აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები. 3. აიღე შენი იარაღი, მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე. 4. მომიმზადე შეჭამადი, მე რომ მიყვარს, მომიტანე და მაჭამე, რომ გაკურთხოს სულმა ჩემმა, სანამ მოვკვდებოდე. 5. ესმოდა რებეკას, ისაკი რომ ელაპარაკებოდა თავის შვილს, ესავს. გავიდა ესავი ველად სანადიროდ ნანადირევის მოსატანად. 6. უთხოა რებეკამ იაკობს, თავის უმცროს შვილს: გავიგონე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა შენს ძმას, ესავს და ეუბნებოდა: 7. მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის ნებით, ვიდრე ცოცხალი ვარო. 8. ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი: 9. წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე; რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი. 10. წაუღე მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ. 11. უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია და მე უბანლო ვარ? 12. ხელი რომ მომისვას მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე. 13. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიყვანე. 14. წავიდა იაკობი და მოუყვანა დედამისს. მოამზადა დედამისმა შეჭამადი, მამამისს რომ უყვარდა. 15. აიღო რებეკამ თავისი უფროსი შვილის, ესავის, ძვირფასი ტანისამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა იაკობს, თავის უმცროს შვილს. 16. ხელები და უბანლო კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა. 17. მისცა ხელში იაკობს თავისი მომზადებული კერძი და პური. 18. მივიდა მამასთან და უთხრა: მამაჩემო! მიუგო: რა იყო? რომელი ხარ, შვილო? 19. უთხრა იაკობმა მამამისს: ესავი ვარ, შენი პირმშო. გაგიკეთე, რაც მთხოვე. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა. 20. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია. 21. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა. 22. მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია! 23. ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბანჯგვლიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი, 24. უთხრა: ესავი ხარ, ჩემი შვილი? მიუგო: მე ვარ. 25. მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა. მიაწოდა, შეჭამა; ღვინო მიუტანა, შესვა. 26. უთხრა ისაკმა, მამამისმა: მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო. 27. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა! 28. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო! 29. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ  დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი! 30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც. 31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა. 32. უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ. 33. შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება. 34. მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა; უთხრა მამას: მეც მაკურთხე, მამაჩემო! 35. უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა. 36. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა? 37. მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო? 38. უთხრა ესავმა მამას: ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო! ხმამაღლა ატირდა ესავი. 39. მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი – კურთხევად. 40. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს. 41. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.

მწუხრზე: იგავ · 19: 16-25 

16. მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება. 17. ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას. 18. დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ. 19. დიდად მრისხანეს დაედოს სასჯელი, რადგან, თუ დაინდობ მას, მოგიწევს სასჯელის გაკვლადება. 20. ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ. 21. ბევრი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება. 22. ადამიანის სწრაფვა მისი სიკეთეა და ღატაკი სჯობს მზაკვარ კაცს. 23. უფლის შიშს სიცოცხლისაკენ მიჰყავს კაცი, მაძღარი იქნება და არ ეწევა მას ბოროტი. 24. ზარმაცი ხელს ჰყოფს ლანგარში და თავის პირთანაც არ მოაბრუნებს მას. 25. ურტყი თავქარიანს და ბრიყვი გონიერი გახდება. შეაგონე გონიერს, გაიგებს სწავლას. 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე ევფსიქი (+362) – დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიქიმ ხალხი შეკრიბა და ტაძარი დაარბია. წმიდანმა იცოდა, რომ ამ საქციელისთვის სასჯელი არ ასცდებოდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მოწამეობრივი აღსასრულისთვის გაემზადა.
გამძვინვარებულმა იმპერატორმა მთელ ქალაქს დაატეხა რისხვა: მოსახლეობის ნაწილი დაახოცინა, ცნობილი მოქალაქეები გადაასახლა, სამღვდელოება სამხედრო სამსახურში გაიწვია, ეკლესიები გაძარცვა. სახელიც კი წაართვა ქალაქს – კესარია (ე.ი. მეფური) და აქცია უბრალო სოფლად – ძველი სახელით მაზაკა. მოსახლეობას მძიმე ხარკი შეაწერა. იმპერატორმა ბრძანა, რომ სრულიად გაანადგურებდა ქალაქს, თუ მცხოვრებლები დანგრეული ტაძრის ნაცვლად ახალს ააშენებდნენ.
იულიანეს ბრძანებით, დიდხანს ცდილობდნენ წმიდა ევფსიქი გადაედრიკათ კერპთაყვანისცემისაკენ, მაგრამ ამაოდ. ხანგრძლივი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს (+362).
იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ, ქრისტიანებმა წმიდა ევფსიქის საფლავზე ეკლესია ააგეს.
წმიდა მოწამენი: დისან ეპიკოპოსი, მარიავა ხუცესი, ავდიესი და სხვა 270 მოწამე – აღესრულნენ 362-364 წლებში, სპარსეთის მეფის საპორ II-ის დროს. ტყვეობაში ჩავარდნილმა ქრისტიანებმა უარი განაცხადეს სარწმუნოების უარყოფაზე. მათ რიცხვში იყო მოწამე ია, რომელიც იხსენიება 11 სექტემბერს. 
წმიდა ღირსმოწამე ვადიმ არქიმანდრიტი (+376) – სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში დაიბადა IV საუკუნეში, იზრდებოდა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. იგი ახალგაზრდობაშივე გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, ქონების ნაწილი დაარიგა, უდაბნოში წავიდა და დარჩენილი ფულით მონასტერი დააარსა. წმიდა ვადიმი ლოცვისთვის მთაზე ადიოდა ხოლმე, სადაც ერთხელ ღვთის დიდების ხილვის ღირსი შეიქმნა. ამ დროს სპარსეთის მეფემ, საპორმა (310-381) დაიწყო ქრისტიანთა დევნა. წმიდა ვადიმი შვიდ მოწაფესთან ერთად შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და აიძულებდნენ თაყვანი ეცათ მზისთვის და ცეცხლისთვის, მაგრამ ღირსი აღმსარებლები მტკიცედ იცავდნენ ქრისტიანობას. მათ ოთხი თვე გაატარეს ციხეში, მთელი ამ ხნის მანძილზე წმიდა ვადიმი იყო სულიერი მოძღვარი და საყრდენი სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.
საპორის ერთმა ახლობელმა ნირსანმა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და ამისთვის საპყრობილეში იტანჯებოდა, ვერ გაუძლო განსაცდელს და უარყო ქრისტე. მან მეფეს აღუთქვა, რომ ყველა მის ბრძანებას შეასრულებდა. საპორმა ნირსანს უბრძანა, რომ თვითონ მოეკვეთა თავი წმიდა ვადიმისთვის. როდესაც ღირსმოწამე მოიყვანეს, ნირსანმა მახვილი აიღო, მაგრამ სინდისის მიერ მხილებული ადგილზე გაქვავდა. წმიდა ვადიმმა მოღალატეს უთხრა: „ნუთუ შენი ბოროტება იქამდე მივიდა, რომ არა მარტო უარყავ ქრისტე, არამედ მის მონებსაც ჰკლავ? ვაი შენდა, წყეულო! რასა იქმ მაშინ, როცა წარსდგები საშინელ სამსჯავროზე? მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესთვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე!“ მხილებით გამძვინვარებულმა ნირსანმა მახვილი ჩასცა წმიდანს, მაგრამ ისე კანკალებდა, რომ სასიკვდილო ჭრილობა ვერ მიაყენა. ცეცხლთაყვანისმცემლები აქეზებდნენ იუდას ცოდვით დამძიმებულ მოღალატეს. ღირსმოწამე ვადიმი უძრავად იდგა და უხმოდ ითმენდა საშინელ დარტყმებს. ბოლოს ჯალათმა თავი მოჰკვეთა წმიდანს (+376).
შურისგებამაც არ დააყოვნა. სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა ნირსანმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა. წმიდა ვადიმის შვიდი მოწაფე საპორის გარდაცვალების შემდეგ ციხიდან გაანთავისუფლეს.