30. იოანე ნათლისმცემლის მეორე, ანუ უკანასკნელი სიტყვიერი მოწმობა

27 წელი

მთ. მკ. ლკ. ინ.

23. იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან. 24. რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ. 25. და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს. 26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა. 27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით. 28. თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა. 29. რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. 30. მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად. 31. ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს. 32. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს. 33. რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს. 34. და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული. 35. მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. 36. რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა.

23. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან. 24. რადგანაც იოანე ჯერ კიდევ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში. 25. მაშინ იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან მოუხდათ დავა განწმენდის გამო. 26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან. 27. მიუგო იოანემ და თქვა: ვერაფერს მიიღებს კაცი, თუკი ზეცით არ მისცემია. 28. თქვენ თვითონვე დამემოწმებით, რომ ვთქვი: არა ვარ ქრისტე, არამედ – მის წინაშე მოვლინებული. 29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი. 30. ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე. 31. მაღლით მომავალი ყველაზე უმაღლესია; მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი ყველაზე უზენაესია.  32. რაც უხილავს და სმენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. 33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ჭეშმარიტია ღმერთი. 34. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. 35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი ხელთ მისცა მას. 36. ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.