23.03.2024. დიდი მარხვის პირველი შვიდეული. შაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის პირველი შვიდეული

შაბათი. 23.03.2024 

დიდმოწამისს თეოდორე ტირონისა; ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (XI); მოწამისა კოდრატე კორინთელისა და მის თანა ხუთთა მოწამეთა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანექტისა, პავლესი და კრისკენტისა (249-259); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორნინესი, რუფინესი და სხვათა (III); ღირსისა ანასტასიასი (567-568). 

დღის ლოცვა

დიდმოწამე თეოდორე ტირონის

ტროპარი: იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თეოდორე, ღირსო, აღმოდის კურნება სასწაულთა შენთა, და ჩუენ, მგალობელთა შენთა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.

ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა; მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: სარწმუნოებაი ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი, შეიმოსე, ჰოი მრავალმოღუაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკვე, საუკუნითგან მაღლით გარდამო. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: 40 მოწ.: ლკ. 21: 12-19 (დას. 106). 
ლიტ.: 
ებრ. 1: 1-12 (დას. 303), მკ. 2: 23 – 3: 5 (დას. 10)·
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52). 

40 მოწ.: ებრ. 12: 1-10 (დას. 331). მთ. 20: 1-16 (დას. 80). 

ცისკ.: 40 მოწ.: ლკ. 21: 12-19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

ლიტ.: ებრ. 1: 1-12 

1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, 2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, 3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, 4. ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. 5. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“. 6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. 7. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ – ალად ცეცხლისა“. 8. ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა – შენი სუფევის კვერთხი“. 9. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. 10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.

ლიტ.: მკ. 2: 23 – 3: 5 

23. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. 24. ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 25. ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 26. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის. 28. ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. 

1. კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი. 2. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. 3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. 4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. 5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.

დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

დიდმოწ.: ინ. 15: 17-16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. 

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.

40 მოწ.: ებრ. 12: 1-10 

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. 3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე. 4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. 5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. 6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. 7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? 8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. 9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

40 მოწ.: მთ. 20: 1-16 

1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. 2. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი. 3. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინახა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. 4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 5. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. 6. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? 7. მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. 8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე. 9. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი. 10. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. 11. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს 12. და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე. 13. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი? 14. მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. 15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი? 16. ასე იქნებიან უკანასკნელნი – პირველნი, და პირველნი – უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი – რჩეულნი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: კონდრატე ნიკომიდიელი, სატორინი, რუფინი და სხვები (III) აღესრულნენ იმპერატორ დეკიუსისა (249-251) და მისი მემკვიდრის, ვალერიანეს დროს.
წმიდა კონდრატე წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ის მთელ ქონებას რწმენისთვის დევნილ და ტყვედქმნილ ქრისტიანებს ახმარდა.
როდესაც ნიკომიდიაში ჩავიდა უსჯულო დეკიუსის მოხელე, პროკონსული პერენიუსი, წმიდა კონდრატემ სხვათა გასამხნევებლად საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და მდევნელის წინაშე წარსდგა. თავიდან პერენიუსი ჯილდოებითა და პატივით ცდილობდა კონდრატეს გულის მოგებას, მაგრამ როცა თავისი გადაწყვეტილების უსუსურობას მიხვდა, ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ლურსმნებზე დაეწვინათ, გულზე კი ლოდი დაედოთ.
ნიკეაში მიმავალმა პროკონსულმა ყველა ქრისტიანი, მათ შორის წმიდა კონდრატეც, თან წაიყვანა. ქალაქში ჩასვლისთანავე, წმიდანის თხოვნით, ქრისტიანები წარმართულ ტაძარში მიიყვანეს. როგორც კი ბორკილები შეუხსნეს, წმიდა კონდრატემ წარმართული კერპები დაამსხვრია. პროკონსულის ბრძანებით წმიდანი აწამეს. ის მაინც მხნედ იყო და თავისი სიმტკიცით სხვა მოწამეებსაც აძლიერებდა.
წამების დროს მოწამეებს თავს ნათელი ღრუბელი დაადგა, წარმართები კი ბნელში აღმოჩნდნენ. სამარისებულ სიჩუმეში ანგელოზების გალობა გაისმა. ამ სასწაულის მხილველმა ბევრმა წარმართმა იქვე აღიარა ქრისტე. პერენიუსის ბრძანებით ისინიც საპყრობილეში ჩაყარეს.
წმიდა კონდრატე შხამიანი გველებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ხრამში გადააგდეს. მეორე დილით, ყველას გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ მოწამე საღ-სალამათი იყო. სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდანი სასტიკად სცემეს. ორი კეთილშობილი მოქალაქე, სატორინი და რუფინი, სიბრალულით განიმსჭვალნენ კონდრატეს მიმართ. ეს პერენიუსმა შეამჩნია და ბრძანა, თავი მოეკვეთათ მათთვის.
პერენიუსი ახალ-ახალ სატანჯველს იგონებდა წმიდანისათვის, მაგრამ მისი სულის გატეხვა ვერ მოახერხა. ბოლოს პროკონსულის ბრძანებით, წმიდა კონდრატეს თავი მოჰკვეთეს.

 

წმიდა მოწამე კონდრატე და მასთან ერთად წამებულნი დედანი და მამანი (+258). ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს ერთი კეთილმსახური კორინთელი ქალი, სახელად რუთი, მთებს შეეხიზნა. აქ მას შეეძინა ვაჟი, კონდრატე. მშობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა, ჩვილი კი, ღვთის განგებულებით, გადარჩა. ბავშვი სასწაულებრივად იზრდებოდა: მის თავზე ღრუბელი ეშვებოდა და ტკბილ ცვარს აწვდიდა. წმიდა კონდრატემ ბავშვობა და ყრმობა უდაბნოში გაატარა. როცა წამოიზარდა, ქრისტიანებს შეხვდა, რომლებმაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაანათლეს. წმიდა კონდრატე ჩინებული მკურნალი გახდა. მას ძალზე უყვარდა უდაბნოს მდუმარება და დიდ დროს ატარებდა განმარტოებით, მთაში. გავიდა მრავალი წელი. წმიდანთან უდაბნოში ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები და მიმდევრები: კვიპრიანე, დიონისე, ანეკტი, პავლე, კრისკენტი და სხვები.
ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის დეკიუსის (249-251) დროს, კორინთოს მმართველის, იასონის ბრძანებით, წმიდა კონდრატე თავის მეგობრებთან ერთად შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. ვერანაირმა დაპირებამ და მუქარამ ვერ გატეხა წმიდანები. მიუხედავად სასტიკი წამებისა და აუტანელი ტკივილებისა, წმიდა კონდრატე პოულობდა ძალას სხვების გასამხნევებლად. იასონმა ბრძანა, წმიდანები მხეცებისათვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ნადირმა მათ პირი არ დააკარა. შემდეგ ქრისტიანები ეტლებს მიაბეს და ქალაქში ათრიეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
კონდრატეს სხვა მოწაფეებიც მოწამეობრივად აღესრულნენ: დიონისე (საბა) ხმლით აკუწეს, ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე ცოცხლად ჩააგდეს ქვის სამტეხლოში, კლავდიუსს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, დიოდორე თვითონ ავიდა მისთვის გამზადებულ კოცონზე, სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, პაპიუსი და ლეონიდე ზღვაში დაახრჩვეს. მამაკაცებთან ერთად ბევრი დედაც ეწამა ქრისტესთვის. 
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა – მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ – სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.
ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.
წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.
წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის. 
ღირსი ანასტასია არისტოკრატული ოჯახის შვილი იყო და კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა. კეთილმსახური პატრიცია ყოველთვის მისაბაძი იყო და იმპერატორი იუსტინიანე (527-565) დიდ პატივს სცემდა. დაქვრივების შემდეგ ანასტასიამ კონსტანტინეპოლი დატოვა, ალექსანდრიის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა და თავი ღვთისმსახურებას შესწირა.
რამდენიმე წლის შემდეგ იუსტინიანე დაქვრივდა და გადაწყვიტა, ანასტასიაზე დაქორწინებულიყო. ღირსი ანასტასია დახმარების სათხოვნელად შორეულ მონასტერში წავიდა ღირს დანიელთან (ხს. 18 მარტს). ბერმა ნეტარი დედა მამაკაცის სამოსელით შემოსა და ევნუხი უწოდა. მოძღვრის კურთხევით ანასტასია მივარდნილ გამოქვაბულში დასახლდა. ის არასოდეს გამოდიოდა საცხოვრებლიდან, არც არავის ღებულობდა. ეს ადგილი მხოლოდ ერთმა ბერმა იცოდა. კვირაში ერთხელ მიდიოდა გამოქვაბულში, მცირეოდენი პური და წყალი მიჰქონდა და შესასვლელთან ტოვებდა. ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრობდა ანასტასია 28 წლის განმავლობაში.
უფალმა წინასწარ გამოუცხადა ანასტასიას გარდაცვალების დღე. მან დოქის ნატეხებზე რამოდენიმე სიტყვა დაწერა და გამოქვაბულის შესასვლელთან დადო. მალე მამა დანიელი მოვიდა და აზიარა წმიდა ანასტასია. ღირსმა დედამ ილოცა და მშვიდობით მიისვენა.
როცა სამარე გაამზადეს, მამა დანიელმა მორჩილს უბრძანა, თავისი ანაფორით შეემოსა მოცვალებული. შემოსვისას მორჩილი მიხვდა, რომ მის წინ ქალი ესვენა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ბერმა ახალგაზრდა მორჩილს წმიდა ანასტასიას ცხოვრება და ღვაწლი მოუთხრო. მოგვიანებით ბერის ნაამბობი ჩაიწერეს.
1200 წელს ღირსი ანასტასიას წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა სოფიას ტაძარში დაასვენეს. 
ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) საქართველოს მეფე ბაგრატ III თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას, როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელს, „ოქროპირი“ უწოდეს.
სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი – ხახულის ეპისკოპოსად.
დაახლოებით 1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ.
ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: „ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელის ძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისათვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა“.
ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს (ხს. 13 მაისს) და გულითად მეგობრობას უწევდა მას.
„გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ ღირსი იოანე ხახულელი ათონზე აღესრულა.
– See more at: http://orthodoxy.ge/tveni/marti/10-ioane.htm#sthash.h8TGB8lM.dpuf