24.03.2024. დიდი მარხვის 1-ლი კვირიაკე (ხატთთაყვანისცემისა). კრება მართლმადიდებლობისა. ხმა I.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის 1-ლი კვირიაკე (ხატთთაყვანისცემისა). კრება მართლმადიდებლობისა. ხმა I. 

ღირსისა იოანე მოსხისა (622); სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისა (644); მღვდელმოწამისა პიონი ზმირნელი ზუცისა და მის-თანათა (250); მოწამისა ეპიმაქესი (აღმოყ. წმ. ნაწ.); სოფრონ ვრაჩანელ ეპისკოპოსისა (1813).

დღის ლოცვა

სოფრონიოსის, იერუსალიმის პატრიარქის კონდაკი:

საღმრთოთა შურითა აღძრულმან ჭეშმარიტებათა ბრძანებანი პირითა განავრცენ და საფუძველსა ეკლესიათასა სჯულ-უდევ და მას შინა მყოფთა მონაზონთა ქცევანი განუწესენ, ბრძენთა პატრიარქთა შორის სოფრონ იერუსალიმელო, ყოვლადბრძენი სიტყუანი ზრახვათა შინა აღირჩიენ, რომლისა წინაძღუანვითა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მღდელმთავარო, მართლმადიდებელთა სიქადულო.

დიდი მარხვის I კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა. 

კონდაკი: გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: ებრ. 11: 24-26, 32-12: 2 (დას. 329, შუა). ინ. 1: 43-51 (დას. 5). 

ცისკ.: ინ. 20: 19 -31 

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

ლიტ.: ებრ. 11: 24-26, 32-12: 2 

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, 25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას. 26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს. 

32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად, 33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. 

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

ლიტ.: ინ. 1: 43-51 

43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. 44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე. 45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი. 46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. 47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. 48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. 49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. 50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ. 51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე პიონი – სმირნის ხუცესი და სხვა მასთან წამებულნი ეწამნენ უსჯულო იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ სმირნაში.
როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი, საბინთან და ასკლიპიადასთან ერთად, ტანჯვისათვის განემზადა: მათ ქედზე ბორკილები დაიდეს.
23 თებერვალს, წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის (+167) ხსენების დღეს, წმიდა მოწამეები შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის პრესვიტერს ლინას და ქრისტიან ქალს მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღმსარებლობისათვის იყვნენ დატყვევებულნი. წმიდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმიდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმიდა პიონთან ისინიც მიდიოდნენ, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. წმიდა მოწამე მათი სულმოკლეობის გამო, მწარედ ტიროდა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. წმიდა აღმსარებელმა მრავალი ტანჯვა დაითმინა. 250 წლის 11 მარტს ის ჯვარს აცვეს, შემდეგ შეშა შემოუწყვეს და დაწვეს. როცა კოცონი ჩაქრა, გამოჩნდა მოწამის სრულიად უვნებელი გვამი. მას თმებიც კი არ შეტრუსვოდა. წმიდანის ღვთიური მადლით ცხებული სახე შუქს აფრქვევდა. 
წმიდა მოწამე ეპიმახო (+დაახლ. 250) წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს ცხოვრობდა დაყუდებულად პილუსიის მთაზე. ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს (დაახლ. 250 წ.) წმიდა ეპიმახო ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მისი მარტვილობის მოწმეებს შორის იდგა ქალი, რომელსაც თვალი სტკიოდა. მოწამის წმიდა სისხლმა იგი განკურნა. წმიდანს საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.
სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ (ხს. 12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.
როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა (+622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.
628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტი (633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.
სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.
ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.